საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
[აქ მოყვანილია მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც ამ დოსიეს ეხება]
მუხლი 261. ტურისტული საწარმო
1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს
სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან
გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების,
საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს
სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:
ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად
გამოსაყენებლად;
ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10
კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და
შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ
ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო
ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი
ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი
ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.
3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს
შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების
წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად
მიღებული თანხის 18 პროცენტს.
4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა
და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად
გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5791 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6446 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 1332. ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის
მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა
1. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული
ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ მიღებული
შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში და
შემდგომ არ დაიბეგრება.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
მუხლი 160. საქონლის მიწოდება
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხელისუფლების/ მუნიციპალიტეტის ორგანოს
გადაწყვეტილებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის
პირობით;
გ) საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება
ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.
2. ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა მსგავსი ქონება
განიხილება მატერიალურ ქონებად. ფული (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების
მონეტისა), აგრეთვე, კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი), საქონლად არ განიხილება.
3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე
გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება
ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის
მიწოდებად;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად
გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის
შემთხვევაში.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის
საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და
სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;
გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის
ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან
მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;
დ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ
საქონლის საკუთარ მფლობელობაში დატოვება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან
ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;
ე) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება, თუ მას დღგ-ის გადამხდელად
რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად დარჩენილ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან
ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;
ვ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის,
წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა;
ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა;
თ) ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
4. უძრავი ნივთის თანამესაკუთრის მიერ თანასაკუთრებაში მისი წილის მიწოდება უძრავი ნივთის
მიწოდებად განიხილება.
5. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე
ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული
სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
6. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება
შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
7. საქონლის მიწოდებად არ განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი
ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება;
ბ) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა;
გ) აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის
მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ
ნაწილით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
მუხლი 171. ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:
ა) ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება;
ბ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ კოდექსის
172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;
გ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
დ) ფიზიკური პირისთვის მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის
მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს ან იმ ფიზიკური პირის პირველი რიგის
მემკვიდრეს:
დ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო
ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
დ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის
ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით;
ე) ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც
საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს;
ვ) სეს ესნ 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალების,
გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ
სარეკლამო მომსახურების გაწევა;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიწოდება, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგით გადაცემა (მიწოდება);
თ) სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) მიწოდება
პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
ი) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე
(უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების
საკუთრებაში გადაცემის შემთხვევისა;
კ) იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის
უფლების გარეშეა გათავისუფლებული;
ლ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო
ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;
მ) მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის
მომსახურების გაწევა;
ნ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული
პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების
გაწევა;
ო) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი)
იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო
ურთიერთობაში;
პ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება),
თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა
ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების
მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელი არ არის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად არ
განიხილება;
ჟ) სეს ესნ-ის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება;
რ) თიზ-ის საწარმოს მიერ თიზ-ის სხვა საწარმოსთვის საქონლის მიწოდება;
ს) თიზ-ის საწარმოს მიერ იმავე თიზ-ის სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა;
ტ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება;
უ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო,
სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა;
ფ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც სტიქიური უბედურების, ავარიისა
და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და
რომლის მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;
ქ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის
ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების,
სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და
ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და
საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის მიწოდება ან/და
მომსახურების გაწევა;
ღ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;
ყ) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დასაბეგრი პირის მიერ იმ საქონლის
მიწოდება, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ან ამ მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე
საქმიანობისთვის, თუ აღნიშნული საქონლის შეძენისას არ წარმოშობილა ან/და არ გამოყენებულა დღგ-ის ჩათვლის
უფლება.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
მუხლი 172. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების
გაწევა:
ა) საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული,
საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობისთვის, ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციისთვის, ან ნაპირთან
თევზაობისთვის განკუთვნილი ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად;
ბ) საქონლის მიწოდება სეს ესნ-ის 8906 10 00 კოდით გათვალისწინებული საბრძოლო ხომალდის
საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის მიწოდება,
გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან
გამოყენებული მოწყობილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება;
დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების
გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო
საჭიროებისთვის;
ე) საჰაერო ხომალდის საწვავით ან სურსათით მომარაგება;
ვ) საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება ან იჯარა,
აგრეთვე ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან
ტექნიკური მომსახურება;
ზ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების
გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო
საჭიროებისთვის;
თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის
განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან
უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:
თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების
გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან
საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;
თ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
თ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო
დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის
მომსახურება;
თ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ი) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული
მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს
ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ასეთ გადაზიდვასთან
უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:
ი.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/ მიღებასთან დაკავშირებული
მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული
მომსახურება;
ი.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე
სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა;
ი.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და
გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
ი.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;
ი.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის
ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;
ი.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით
მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს
ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.
3. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის
ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან
მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
ა) თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
ბ) საწარმოს მიერ, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და
მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის აქტივების მიწოდება საწარმოს
კაპიტალიდან გატანის გზით;
გ) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და
მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
დ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული
პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების
უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისთვის გადაცემა;
ე) საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი).
ამასთანავე, თუ მგზავრის მიერ საქონელი საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით უნდა იქნეს
გადატანილი, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მგზავრი არ ცხოვრობს საქართველოში (პასპორტში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული ადგილი არ არის საქართველო), საქონლის საქართველოდან
ტრანსპორტირება ხორციელდება მისი მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში და საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით,
აღემატება 600 ლარს.
შენიშვნა: მგზავრის მიერ საქონლის საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით გადატანის
შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;
ვ) საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან
თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის
გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის,
შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან
საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ
დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა
ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და
სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის
განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება;
ი) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის,
კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის
მომსახურების გაწევა;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო
გადაზიდვის განხორციელებისას არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა,
გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;
ლ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი
ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას საქართველოს რეზიდენტის მიერ
ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა;
მ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მიწოდება;
ნ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და ამ
პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;
ო) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოქროს მიწოდება;
ო1) საინვესტიციო ოქროს მიწოდება;
პ) ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და
მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება;
ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის მომსახურების გაწევა
(კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
ჰიდროგრაფიული მომსახურების გაწევა);
რ) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ს) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ
ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს სახელმწიფო ფლობს;
ტ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული
სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა;
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00
და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული
საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე
(სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203
19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის
(მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან
მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22
000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;
ქ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის
მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების
ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე
აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის
თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი
ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით;
ღ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის ან ამ
ობიექტის ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს
აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის მესაკუთრისთვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის
ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა;
ყ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება;
შ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული
პროცედურის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის
„ც.ა“, „ც.ბ“, „ც.დ“ და „ც.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ
შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი);
ჩ) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მომხმარებლისთვის
მიწოდებისა, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის, აგრეთვე გადაცემის ან/და
დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევა;
ც) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და
სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მომსახურების გაწევა;
ძ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების
მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის
მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის
ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს,
ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს
ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო
ქვესუბპოზიციაში;
წ) სეს ესნ-ის 4901 და 4903 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (წიგნის) ან
ელექტრონული წიგნის მიწოდება, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა;
ჭ) სეს ესნ-ის 8702 40 000 00 კოდში მითითებული ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის,
ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება;
ხ) იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება, თუ ამ მომსახურების
ღირებულებას მოიცავს ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული
დასაბეგრი თანხა;
ჯ) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან
ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამ ქვეპუნქტის
მიზნისთვის სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლისა და ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა
განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინიტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით;
ჰ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის
საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).
5. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული
და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი
საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3549 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №685 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.